ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!

რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.

მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,

გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;

მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

“მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,

დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?

ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:

მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

“მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,

თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;

ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:

სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

“თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;

არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;

შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,

საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;

მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;

რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;

ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.

საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,

ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა;

თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,

ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:

“თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;

მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.

მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:

ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,

ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;

მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,

დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,

მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.

ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.

უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,

დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,

ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.

ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,

ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;

მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,

ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:

დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,

აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი.

ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

“ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

“მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;

უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;

სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!